saqarTvelos mdinareebi - duruji
ტერიტორიული ერთეულები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კახეთის კავკასიონი 42°01`31` ჩ. გ. 45°53`01` ა. გ. |
შესართავი | ალაზანი 41°52`40` ჩ. გ. 45°47`07` ა. გ. |
სიგრძე | 27 კმ |
აუზის ფართობი | 103 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1.06 მ³/წმ |
მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი, გაედინება ქ. ყვარელზე. იქმნება შავი და თეთრი დურუჯის შეერთებით კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. შავი დურუჯი იწყება მთა შავი კლდიდან, თეთრი დურუჯი - მთა ნინიკასციხის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 27 კმ, აუზის ფართობი 103 კმ².
ზემო დინებაში აუზი მარაოსებრია. ხეობის ძლიერ დახრილი ფერდობების ზვედა ნაწილი და ფსკერი მოგებულია თიხაფიქლების დაქუცმაცებული პროდუქტების სქელი ნაყარით, კალაპოტი ნაყარშია ჩაჭრილი. შუაწელში ხეობა ყუთის ფორმის ვიწრობს წარმოადგენს და ტყით არის შემოსილი. კალაპოტი კლდოვანი, ჩანჩქერიანი და ჭორომიანი აქვს. ქვემო დინაბაში აუზი შედარებით ფართოა. ქალაქ ყვარლის მიდამოებში ხეობის ფსკერი მთლიანად უკავია გამოზიდვის კონუსს, რაზედაც მდინარე იტოტება ყვარელს ქვემოთ და რამდენიმე ღელის სახით მიემართება ალაზნისკენ.
დურუჯი ძირითადად საზრდოობს თოვლის და წვიმის წყლით, წყალმცირეა საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს 1,06 მ3/ წმ. ხასიათდება წყალმოვარდნის რეჟიმით. დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნება ტიპური სტრუქტურული ღვარცოფი, რომლის დროს ხარჯმა შეიძლება 200 მ3/წმ და მეტს მიაღწიოს. მთებიდან გამოაქვს კოლოსალური რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა და დიდ საფრთხეს უქმნის ქალაქ ყვარელს. ჩატარებულია ღონისძიებანი ღვარცოფის გასაუვნებლად.